კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

 

 

შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრი“

 

 

. თბილისი, შარტავას ქ. N 40, სართული 10

 

 

შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“

საარბიტრაჟო რეგლამენტი

 

2018 წლის 16 მაისის რედაქციით

 

 

თბილისი, 2018

 

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

მუხლი 2. ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის პრინციპები

მუხლი 3. თანასწორობა, შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა

მუხლი 4. საარბიტრაჟო რეგლამენტის მოქმედება დროში

მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია

მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

მუხლი 7. ვადები

მუხლი 8. კონფიდენციალურობა

მუხლი 9. საარბიტრაჟო განხილვის წერილობითი და ზეპირი ფორმა

 

თავი II. არბიტრის დანიშვნა, აცილება და გადადგომა

მუხლი 10. არბიტრის კანდიდატურის შერჩევა

მუხლი. 11. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი

მუხლი 12. ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის თავმჯდომარე

მუხლი 13. არბიტრთა სია

მუხლი 14. არბიტრთა უფლებამოსილების ცნობა

მუხლი 15. არბიტრის აცილება

მუხლი 16. არბიტრის გადადგომა

 

 

თავი III.  შეტყობინება და დაბარება

მუხლი 17. მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის უწყების ჩაბარება 

მუხლი 18. უწყების ჩაუბარებლობის შედეგები

 

მუხლი 19. უწყების შინაარსი

 

მუხლი 20. უწყების გაგზავნა

 

მუხლი 21. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

 

მუხლი 22. უწყების მიღებაზე უარის თქმა

 

მუხლი 23. მისამართის შეცვლა საარბიტრაჟო განხილვის დროს

 

მუხლი 24. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის

 

მუხლი 25. უწყების ჩაბარება ტექნიკური საშუალების გამოყენებით

 

მუხლი 26. საჯარო შეტყობინება

 

 

თავი IV. საარბიტრაჟო განხილვა

მუხლი 27. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება. საარბიტრაჟო პრეტენზია  (საარბიტრაჟო სარჩელი).

მუხლი 28. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფა

 

მუხლი 29. შესაგებელი

 

მუხლი 30. კოპეტენციის კომპეტენცია

 

მუხლი 31. ზეპირი განხილვის ცალკეული საკითხები

 

მუხლი 32. მტკიცებულებები, მათი შეფასება და გამოკვლევა

მუხლი 33. ზეპირი განხილვა

 

 

თავი V. მედიაცია საარბიტრაჟო განხილვაში

 

მუხლი 34. მედიაციის არსი  საარბიტრაჟო განხილვაში

 

მუხლი 35. მედიაციის პროცედურა და ვადები  საარბიტრაჟო განხილვაში

 

 

თავი VI. დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მუხლი 36. დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი აღსრულება

მუხლი 37. საარბიტრაჟო გადაწყევტილების გამოტანის წესი

მუხლი 38. საარბიტრაჟო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

 

მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება, ტექნიკური შეცდომების გასწორება

 

მუხლი 40. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება

 

 

თავი VIII. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება საარბიტრაჟო გადაწყვეტი­ლების გამოტანის გარეშე

 

მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საარბიტრაჟო განხილვის დასრულების ცალკეული შემთხვევები

 

მუხლი 42. საარბიტრაჟო ცენტრის უარი საარბიტრაჟო განხილვაზე

 

მუხლი 43. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

 

მუხლი 44. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება

 

მუხლი 45. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა

 

 

თავი IX. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 46. საარბიტრაჟო რეგლამენტის ძალაში შესვლა

 

მუხლი 47. ეთიკა

 

მუხლი 48. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები

 

მუხლი 49. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შედეგები

 

 

 

თავი I ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, წინამდებარე რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

საარბიტრაჟო ცენტრი _ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრი“.

საარბიტრაჟო შეთანხმება _ წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ორგანიზება უნდა განახორციელოს საარბიტრაჟო ცენტრმა.

საარბიტრაჟო განხილვის საგანი _ ნებისმიერი დავა, ან უთანხმოება მხარეთა შორის, რომელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა საარბიტრაჟო შეთანხმებით მინდობილი აქვს საარბიტრაჟო ცენტრს და რომლის არბიტრაჟის მიერ განხილვაც აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობასა და საჯარო წესრიგს.

რეგლამენტი _ „არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ პარტნიორის გადაწყვეტილებით/პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც გამოიყენება საარბიტრაჟო ცენტრის სახელით დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

საარბიტრაჟო განხილვა _ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის  შესაბამისად ორგანიზებული განხილვა, რომლის მიზანია საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული დავის საბოლოო გადაწყვეტა.

საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე _ შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს კანონით, შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ წესდებით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

არბიტრი _ ფიზიკური პირი, რომელიც კანონის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

საარბიტრაჟო კოლეგია _ სამი ან მეტი არბიტრისაგან შემდგარი კოლეგია.

არბიტრაჟი _ საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე, დავის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი, რომელიც არ არის საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე, ან საარბიტრაჟო კოლეგია, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი იხილავს კონკრეტულ დავას ამ დებულების კონკრეტული ნორმის შინაარსისა და კონტექსტის გათვალისიწინებით.

საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე _ არბიტრი, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად დანიშნულია საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარედ.

მხარე _ საარბიტრაჟო შეთანხმების მონაწილე პირი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

საარბიტრაჟო პრეტენზია _ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გათალისწინებული საარბიტრაჟო სარჩელი _ მხარის მიერ საარბიტრაჟო ცენტრში წარდგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს პირველის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულება, ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.

საარბიტრაჟო მოსარჩელე _ საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმდგენი მხარე.

საარბიტრაჟო მოპასუხე _ მხარე, რომელსაც წაეყენება საარბიტრაჟო პრეტენზიაში მითითებული მოთხოვნა.

საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ ფულადი თანხა, რომელსაც იხდის მხარე მის მიერ წარდგენილი სარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისათვის.

 

მუხლი 2. ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის პრინციპები.

2.1. საარბიტრაჟო ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

2.2. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს, მაშინ არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ გამოიწვევს კანონის ძალით საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.

2.3.  თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არბიტრაჟი არ ჩაითვლება შემდგარად. თუ საარბიტრაჟო განხილვა დამთავრებული არ არის, მაშინ გარემოებების გათვალისწინებითა და დავის განმხილველ არბიტრებთან შეთანხმებით საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო განხილვაზე.

      2.4. არბიტრაჟი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელმძღვანელობს კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით. მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

      2.5. მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და გადაწყვეტის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საარბიტრაჟო ცენტრს, გამორიცხავს ამ დავის განხილვას ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულების მიერ.

      2.6. სასამართლოს უფლება არ აქვს განიხილოს სასარჩელო განცხადება საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთახმების საგანს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები ითხოვენ საქმის განხილვას სასამართლოში ანდა თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია, ან შეუძლებელია მისი შესრულება.

      2.7. სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა არ იწვევს საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, თუ კანონით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.8. თუ ამ რეგლამენტის რომელიმე დებულება, რომლიდანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული, და თუ მიუხედავად ამისა, მხარე აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ, ანდა თუ ამისათვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

2.9. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საარბიტრაჟო ცენტრს, გულისხმობს საარბიტრაჟო განხილვისას ამ რეგლამენტის გამოყენებას.

2.10. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული, მაგრამ ამ რეგლამენტის შესაბამისი ნორმებისაგან განსხვავებული მოწესრიგება არბიტრაჟისათვის სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი მოწესრიგების უფლება მხარეებს კანონით აქვთ მინიჭებული. 

 

 

მუხლი 3. თანასწორობა, შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა

3.1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება მხარის ან მხარეების მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით.

3.2. საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა შეიძლება მხოლოდ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას.

3.3. საარბიტრაჟო შეთანხმება ცალსახად და არაორაზროვნად უნდა განსაზღვრავდეს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას განიხილავს საარბიტრაჟო ცენტრი.

3.4. დაუშვებელია ისეთი საარბიტრაჟო შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მომავალში წარმოშობილი ყველა დავა უნდა განიხილოს საარბიტრაჟო ცენტრმა.

3.5. თუ საარბიტრაჟო ცენტრს დავის განხილვისა დ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა მხარემ, რომელსაც მოპასუხესთან არ აქვს კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმება, მაშინ საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის აცნობოს მოპასუხეს საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოდგენის შესახებ, გაუგზავნოს საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმოსაწერად გამზადებული ტექსტი და შესთავაზოს მას დავის განხილვა საარბიტრაჟო ცენტრის მიერ. თუ მოპასუხე დაეთანხმება შეთავაზებას და ხელს მოაწერს მისთვის გაგზავნილ საარბიტრაჟო შეთანხმებას, მაშინ საარბიტრაჟო ცენტრი უფლებამოსილი ხდება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა ამ რეგლამენტის შესაბამისად.

3.6. თუ საარბიტრაჟო პრეტენზიაში მითითებული გარემოებები და მოთხოვნები სცილდება მხარეთა შორის არსებული საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს, არბიტრაჟს უფლება აქვს შესთავაზოს მხარეებს ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმება.

3.7. თუ 3.6. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეები ვერ მოილაპარაკებენ დამატებითი საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმებაზე, არბიტრაჟი დავას განიხილავს და გადაწყვეტს მხოლოდ არსებული საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში, რის შესახებაც განუმარტავს მხარეებს. არბიტრაჟის განმარტება შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში.

3.8. მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენის შესახებ.

3.9. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვა და ამ განხილვის საგნად არსებული დავა მორიგებით დაამთავრონ. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, ხოლო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს საარბიტრაჟო პრეტენზია.

3.10. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.11. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, ან ისეთ ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ არ არის აკრძალული კანონით.

 

მუხლი 4. საარბიტრაჟო რეგლამენტის მოქმედება დროში

4.1. საარბიტრაჟო განხვილვისას გამოიყენება რეგლამენტის ის რედაქცია, რომელიც ძალაშია არბიტრაჟის მიერ კონკრეტული მოქმედების შესრულებისას.

4.2. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია მათთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს მხარეებს საარბიტრაჟო რეგლამენტის ის რედაქცია, რომელიც ძალაშია საარბიტრაჟო განხილვის დაწყების, ან კონკრეტული მოქმედების შესრულებისას.

 

მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია

5.1. დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

5.2. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

5.3. თუ ამ რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც არეგულირებს საარბიტრაჟო განხილვის დროს კონკრეტული მოქმედებების შესრულებისას წარმოშობილ ურთიერთობებს, არბიტრაჟი იყენებს რეგლამენტის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს; ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საარბიტრაჟო განხილვის საყოველთაოდ აღირებულ საერთაშორისო პრინციპებს.         

 

მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

6.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის საარბიტრაჟო ცენტრის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააარბიტრაჟო ცენტრის მიერ მხარეთათვის შეთავაზებულ მოდელურ საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიეთითება საარბიტრაჟო ცენტრის ფაქტობრივი მისამართი.

6.2. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას არბიტრებს შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა დასათვალიერებლად, ან ნებისმიერი სხვა მოქმედების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტას.

 

 

მუხლი 7. ვადები

 

7.1. ამ კანონით დადგენილი დღეების გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

7.2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

 

 

მუხლი 8. კონფიდენციალურობა

8.1. არბიტრაჟის მიერ საქმის ზეპირი მოსმენა და საარბიტრაჟო განხილვასათან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი კონფიდენციალურია, თუ მხარეთა შეთანხმებით, ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არბიტრი და საარბიტრაჟო ცენტრის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

8.2. საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიური მიზნებისათვის დაუშვას პირი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან, იმ შემთხვევაში, თუ ასეთ დაშვებაზე არსებობს საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე მხარეების წერილობითი ნებართვა.

8.3. პირი, რომელიც დაიშვება საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან, ხელს აწერს დეკლარაციას და კისრულობს ვალდებულებას, რომ არ გაამჟღავნებს იმ დოკუმენტების შინაარსს, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა, ხოლო ნებისმიერ პუბლიკაციაში, ან საჯარო განხილვაში საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ იმ ფორმით, რომ შეუძლებელი იყოს როგორც საარბიტრაჟო განხილვის მონაწილეთა, ასევე მათი საქმიანობის საგნისა და დავის იდენტიფიცირება.

 

მუხლი 9. საარბიტრაჟო განხილვის წერილობითი და ზეპირი ფორმა

9.1. საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ზეპირად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.2. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ არბიტრაჟი დავას განიხილავს და გადაწყვეტს ზეპირი მოს­მენის გარეშე, მისთვის წერილობით წარდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

9.3. მხარეს შეუძლია მეორე მხარეს საარბიტრაჟო ცენტრის მეშვეობით წერილობით შესთავაზოს საქმის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე.  არბიტრაჟი საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მეორე მხარე ამაზე წერილობით განაცხადებს თანხმობას.

 

თავი II.  არბიტრის დანიშვნა, აცილება და გადადგომა

 

მუხლი 10. არბიტრის კანდიდატურის შერჩევა

10.1. ამ რეგლამენტის შესაბამისად არბიტრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს.

10.2. არბიტრად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;

ბ) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე;

გ) მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის.

დ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავი.

ე) პირი, რომელსაც არ გააჩნია მხარეთა მიერ შეთანხმებული პროფესია, ცოდნა ან გამოცდილება.

ვ) პირი, რომლის მიმართაც კონკრეტულ ფაქტებზე მტკიცებულებებზე და გარემოებებზე მითითებით შეიძლება დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმის გარმოებებიდან გამომდინარე მისგან მოსალოდნელი იქნება ერთერთი მხარის გავლენით გადაწყვეტილების გამოტანა. 

 

მუხლი 11. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი

11.1. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან ამ შეთანხმების შესაბამისად დადებული სპეციალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო ცენტრის მიერ განსახილველ დავას ერთპიროვნულად იხილავს და წყვეტს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ერთი არბიტრი. ბათილია ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც არბიტრების დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.

11.2. განსახილველი დავის სირთულის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს დავის განხილვა სამი არბიტრის მიერ.

11.3. სამი არბიტრის მიერ დავის განხილვის დადგენილებით საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ დადგენილების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დანიშნონ თითო არბიტრი. თუ მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები 10 დღიანი ვადის გასვლიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ვერ შეათანხმებენ მესამე არბიტრის – საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ მესამე არბიტრს –– საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს თავის დადგენილებით ნიშნავს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე.

11.4.  თუ საარბიტრაჟო კოლეგიის ფორმირება ვერ მოხდება 11.3 მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში, საქმის განმხილველ სამივე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე თავისი დადგენილებით. ამავე დადგენილებით განისაზღვრება საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის ვინაობაც.

11.5. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით დადგენილია დავის განხილვა სამი არბიტრის მიერ, მაგრამ არ არის დადგენილი საარბიტრაჟო კოლეგიის დაკომპლექტების წესი და ვადები, მაშინ საარბიტრაჟო კოლეგიის ფორმირება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

11.6 მხარეს შეუძლია არბიტრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს. უფლების გაცემა უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით/რწმუნებულებით.

11.7. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ანდა რამდენიმე საარბტირაჟო მოპასუხე საარბიტრაჟო ცენტრს დასანიშნად წარუდგენს არბიტრების ერთზე მეტ კანდიდატურას, საარბიტრაჟო ცენტრი განუმარტავს მათ, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეებმა/საარბტირაჟო მოპასუხეებმა მათი რაოდენობის მიუხედავად უნდა დანიშნონ ერთი არბიტრი და განუსაზღვრავს მათ 10 (ათი) დღის ვადას ერთი არბიტრის კანდიდატურის შესათანხმებლად და წარმოსადგენად.

11.8. თუ მხარეები უშედეგოდ გაუშვებენ ამ რეგლამენტის 11.7. მუხლით ერთი არბიტრის კანდიდატურის შეთანხმებისათვის დადგენილ 10 დღიან ვადას, საქმის განმხილველ სამივე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე თავისი დადგენილებით. ამავე დადგენილებით განისაზღვრება საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის ვინაობაც.

 

მუხლი 12.  ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის თავმჯდომარე

12.1. საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტით;

12.2. საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება საქმის განმხილველ არბიტრის დანიშვნა, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება არბიტრის დანიშვნის შესახებ.

 

მუხლი 13. არბიტრთა სია

13.1. საარბიტრაჟო ცენტრი აქვეყნებს არბიტრთა სიას.

13.2. მხარეებს უფლება აქვთ მათ მიერ დასანიშნი არბიტრის კანდიდატურის შერჩევისას ისარგებლონ ამ სიით.

13.3. არბიტრთა სიის არსებობა არ ზღუდავს მხარეთა უფლებას არბიტრად დანიშნონ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის შეყვანილი საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შეთავაზებულ არბიტრთა სიაში, მაგრამ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და მხარეთა შეთანხმებით არბიტრისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 14. არბიტრთა უფლებამოსილების ცნობა

14.1. მხარის ან საარბიტრაჟო ცენტრის მიერ არბიტრად დანიშნული პირი არბიტრად დანიშვნაზე თანხმობას აცხადებს წერილობითი ფორმით. არბიტრად დანიშვნაზე წერილობით თანხმობასთან ერთად პირი ხელს აწერს დეკლარაციას, რომლითაც ადასტურებს, რომ არ იმყოფება მხარესთან სახელშეკრულებო, სამსახურებრივ, ნათესაურ ან ისეთ დამოკიდებულებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების გამოტანისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. არბიტრად დასანიშნი პირი ასევე ვალდებულია დაადასტუროს, რომ მას წინასაწარ არ გამოუთქვამს თავისი აზრი განსახილველი დავის გადაწყვეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

14.2. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია 11.3 მუხლით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მხარეს გაუგზავნოს არბიტრის განცხადებისა და დეკლარაციის ფორმები.

14.3. მხარე, რომელიც საარბიტრაჟო ცენტრს მიმართავს არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებით, ვალდებულია ამ განცხადებასთან ერთად 11.3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო ცენტრს წარუდგინოს არბიტრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, ასევე არბიტრის დეკლარაცია  დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს არბიტრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის/მობილურის ნომერი, პროფესია და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან ნებისმიერი მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არბიტრთან დაკავშირება.

14.4. არბიტრი უფლებამოსილია განიხილოს დავა საარბიტრაჟო ცენტრის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებული არ არის მისცეს განმარტება მხარეებს უფლებამოსილების დადასტურებაზე უარის ან თანხმობის შესახებ. არბიტრის უფლებამოსილება დადასტურებულად ითვლება, თუ საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე არ მიიღებს დადეგენილებას დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

14.5. საარბიტრაჟო ცენტრს არ აქვს უფლება დაადასტუროს არბიტრის უფლებამოსილება ამ უკანასკნელის მხრიდან წერილობითი თანხმობისა და ხელმოწერილი დეკლარაციის წარმოდგენამდე, მაგრამ უფლება აქვს უარი თქვას  დადასტურებაზე მხარის მიერ არბიტრის კანდიდატურის დასახელებისთანავე. 

14.6. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია მხარისათვის ამ რეგალმენტის 11.3 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების გაგზავნისას არბიტრის დანიშვნის შეთავაზებაში მხარეებს განუმარტოს არბიტრის კანდიდატურის დასახელების, უფლებამოსილების დადასტურების, არბიტრის განცხადებისა და დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებების შესახებ. ამ რეგალმენტის 11.3 მუხლით დადგენილ ვადაში ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურების მცდელობად და  არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმად, რაც მხარეს უნდა განემარტოს წერილობით.

14.7. თუ საარბიტრაჟო ცენტრის, ან მხარის მიერ დანიშნული არბიტრი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს განცხადება და დეკლარაცია, არასაპატიო მიზეზით ერთხელ მაინც  არ გამოცხადდება საარბიტრაჟო განხილვაზე, საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე განუმარტავს, მხარეს, რომ  არბიტრის მხრიდან ადგილი აქვს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას და არბიტრის მოვალეობების უხეშ დარღვევას, რის შემდეგაც გამოუცხადებლობის გამო არბიტრი გადაყენებულად ითვლება. არბიტრის გადაყენების დღესვე საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განმხილველ ახალ არბიტრს და ავალებს ასეთი ფორმით ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო კოლეგიას განაგრძოს საქმის განხილვა.

 

მუხლი 15. არბიტრის აცილება

                15.1.  მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუკი არსებობს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან სხვა გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში, აგრეთვე, თუ არბიტრაჟის წევრი არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას, ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას.

 

                15.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.

 

                15.3. პირი, რომელსაც სთავაზობენ არბიტრად დანიშვნას, ვალდებულია უარი თქვას დეკლარაციის ხელმოწერაზე და აცნობოს როგორც მხარეებს ასევე საარბიტრაჟო ცენტრს იმ გარემოებათა არსებობა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებენ მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.

 

                15.4. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

 

           15.5. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

15.6. თუ დავას იხილავს საარბიტრაჟო კოლეგია და არბიტრი, რომელსაც განუცხადეს აცილება, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრის უფლებამოსილებაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტენ  საარბიტრაჟო კოლეგიაში შემავალი სხვა არბიტრები.

15.7. თუ აცილება მისცეს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, ის აცილების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს.

15.8. თუ აცილება მისცეს არბიტრს, რომელიც არ არის საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე, მაგრამ ერთპიროვნულად იხილავს დავას, მაშინ მისი აცილების საკითხს წყვეტს საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარე.

 

 

მუხლი 16. არბიტრის გადადგომა

 

                16.1. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის წევრი შეიძლება გადაყენებულ იქნეს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო ცენტრის მიერ, ან მხარეთა შეთანხმებით.

 

                16.2. არბიტრაჟს არბიტრის თხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საპატიო მიზეზი.

               

16.3. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.

16.4. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

          16.5. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.

16.6. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.

 

თავი III.  შეტყობინება და დაბარება

 

მუხლი 17. მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის უწყების ჩაბარება 

17.1. მხარეს,  ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება ზეპირი განხილვის, ან ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ რეგლამენტის 21.1. მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. უწყებით საარბიტრაჟო ცენტრი იბარებს აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

 

17.2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ ზეპირ განხილვაზე დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

17.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ რეგლამენტის 19.1. მუხლით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს საარბიტრაჟო ცენტრის შესაბამისი თანამშრომელი.

 

 

მუხლი 18. უწყების ჩაუბარებლობის შედეგები

 

18.1. უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან საარბიტრაჟო ცენტრისთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

 

18.2 თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ რეგლამენტის 20.2. მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

 

18.3. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ რეგლამენტის 20.2. მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, საარბიტრაჟო ცენტრი ხელმძღვანელობს ამ რეგლამენტის 26-ე მუხლის დებულებებით. 

 

 

მუხლი 19. უწყების შინაარსი

 

                19.1. უწყება უნდა შეიცავდეს:

 

                ა) საარბიტრაჟო ცენტრის სრულ სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;

 

                ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;

 

                გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და  მითითებას დავის საგნის შესახებ;

 

                დ) საარბიტრაჟო ცენტრში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული.

 

                ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

 

                ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;

 

                ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სააარბიტრაჟო ცენტრს გამოუცხადებლობის მიზეზები.

 

                19.2. უწყებასთან ერთად საარბიტრაჟო ცენტრი მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო პრეტენზიას და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაიგზავნება.

 

 

მუხლი 20. უწყების გაგზავნა

 

                20.1 უწყება იგზავნება ამ რეგლამენტის 17.3. მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. საარბიტრაჟო ცენტრი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება უწყება ჩაბარდეს საარბიტრაჟო ცენტრის ოფისშიც.

 

                20.2. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან საარბიტრაჟო ცენტრისთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

                20.3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი უწყების ჩაბარება დასტურდება:

 

ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;

 

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

 

                20.4. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, საარბიტრაჟო უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

 

                20.5. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც საარბიტრაჟო ცენტრს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ რეგლამენტის  20.3 მუხლით გათვალისწინებულ აქტში. 

 

                20.6. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო ცენტრის მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც საარბიტრაჟო ცენტრმა დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, საარბიტრაჟო ცენტრს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

                20.7. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო ფიზიკური პირის სამუშაო ადგილზე, ასევე იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანებისათვის (ამხანაგობისათვის) გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანების (ამხანაგობის) შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. 

 

           

მუხლი 21. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

 

                21.1. თუ უწყების ჩამბარებელმა გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ რეგლამენტის 20.7 მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

                21.2. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

 

           

მუხლი 22. უწყების მიღებაზე უარის თქმა

 

                22.1. თუ ადრესატმა ან ამ რეგლემენტის 21.1. მუხლით  გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა 22.2. მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება საარბიტრაჟო ცენტრს. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და საარბიტრაჟო ცენტრს შეუძლია განიხილოს საქმე.

 

                22.2. უწყების მიღებაზე ამ რეგლამენტის 21.1 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

 

 

მუხლი 23. მისამართის შეცვლა საარბიტრაჟო განხილვის დროს

 

                მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ საარბიტრაჟო ცენტრს საარბიტრაჟო განხილვის მსვლელობისას თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება საარბიტრაჟო ცენტრისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

 

მუხლი 24. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის

 

                24.1. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობა მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. 

 

                24.2. თუ საქმეში საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ 24.1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, უწყება ეგზავნება საარბიტრაჟო პრეტენზიაზე (შესაგებელზე, წერილობით ახსნა-განმარტებაზე და ა.შ.) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.

 

 

მუხლი 25.  უწყების ჩაბარება ტექნიკური საშუალების გამოყენებით

 

25.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო მოპასუხეს, მის მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის არსებობის, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ აცნობოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შეტყობინების ჩაწერა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

25.2. ტექნიკური საშუალებით დაბარების შემთხვევაში დგება  შეტყობინების აქტი წერილობითი ფორმით, რომლსაც ხელს აწერს სხდომის მდივანი. ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟი არ არის ვალდებული დამატებით გაუგზავნოს უწყება ადრესატს.

 

25.3. საარბიტრაჟო მოსაპასუხის მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის არსებობის ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეტყობინების შემთხვევაში, არბიტრაჟი სთავაზობს საარბიტრაჟო მოპასუხეს არბიტრაჟის ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე გამოცხადებას და  საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული მასალების მიღებას  პირადად. საარბიტრაჟო მოპასუხე უფლებამოსილია უარი განაცხადოს მასალების  არბიტრაჟის ფაქტობრივი ადგილმდებაროების მიხედვით მიღებაზე, მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობის შემთხვევაში.

 

25.4. ტექნიკური საშუალებით დაბარების შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია აცნობოს ადრესატს, რომ საუბარი იწერება.

 

           

მუხლი 26. საჯარო შეტყობინება

 

                26.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

 

                26.2. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, საარბიტრაჟო ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

 

                26.3. წინამდებარე რეგლამენტის 26.2 მუხლით გათვალისწინებული წესები ვრცელდება ასევე მხარისათვის საქმის მასალების, საარბიტრაჟო დადგენილების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების და სხვა ნებისმიერი იმ დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის ჩაბარებაც მხარისათვის სავალდებულოა ამ რეგლამენტის მიხედვით.

 

                26.4. მხარე უფლებამოსილია, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე, თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

 

                26.5.  26.2 და 26.3 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

26.6.  თუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოპასუხის მიმართ, რომლსაც ვერ ჩაბარდა გზავნილი და საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ეცნობა საჯარო პუბლიკაციის გზით, მოპასუხეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ამავე გზით. 

 

 

 

თავი IV საარბიტრაჟო განხილვა

 

მუხლი 27. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება. საარბიტრაჟო პრეტენზია (საარბიტრაჟო სარჩელი)

27.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო შეთანხმების მხარის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

27.2. საარბიტრაჟო პრეტენზია უნდა შეიცავდეს:

                ა) საარბიტრაჟო ცენტრის სრულ სახელწოდებას.

                ბ) მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო ცენტრი უფლებამოსილია განიხილოს  და გადაწყვიტოს დავა.

                გ) საარბიტრაჟო მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელს, გვარს (სახელწოდებას), ძირითად მისამართს (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიულ  მისამართს,  სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონს, მათ შორის, მობილურს, ელექტრონულ ფოსტას, ფაქსს; საარბიტრაჟო პრეტენზიაში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები;

 

                დ) დავის საგნის მოკლე აღწერას;

 

                ე) საარბიტრაჟო პრეტენზიის ფასს;

 

                ვ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნას.

 

                27.3. საარბიტრაჟო პრეტენზიაში შეიძლება ასევე მიეთითოს:

 

                ა) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

 

                ბ) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

 

                გ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;

 

                27.4. საარბიტრაჟო პრეტენზიას უნდა ერთვოდეს:

 

                ა) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

                ბ) თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს, წამომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

 

                გ) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე იურიდიული პირია, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.

 

                დ) საარბიტრაჟო შეთანხმების, ან იმ ხელშეკრულების ორიგინალი, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას.

                27.5. საარბიტრაჟო პრეტენზია ხელმოწერილი უნდა იყოს მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

 

                27.6. თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ შეიცავს 27.2. მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს, მას თან არ ერთვის  27.4. მუხლში მითითებული დოკუმენტები ან/და ხელმოწერილი არ არის 27.5 მუხლით დადგენილი წესით. საარბიტრაჟო ცენტრი ატყობინებს ამის შესახებ საარბიტრაჟო მოსარჩელეს და განუსაზღვრავს ვადას საარბიტრაჟო პრეტენზიის ამ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს ორ დღეზე ნაკლები.

 

                27.7. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს 27.6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, საარბიტრაჟო ცენტრი უფლებამოსილია შესთავაზოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო პრეტენზიის გახმობა.

 

                27.8. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო ცენტრის მიერ მითითებულ ვადაში არ გაიხმობს საარბიტრაჟო პრეტენზიას, საარბიტრაჟო ცენტრი გამოიტანს დადგენილებას საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვებისა და შესაბამისი დოკუმენტების საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

 

                27.9.  ამ რეგლამენტის 27.7 მუხლით დადგენილი წესით პრეტენზიის გახმობის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 95%.

 

                27.10. ამ რეგლამენტის 27.8. მუხლის თანახმად პრეტენზიის განუხილველად დატოვების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80 %.

 

                27.11. საარბიტრაჟო პრეტენზიის მიმართ ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზეც.

 

                27.12. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიას არბიტრაჟი მიიღებს და განიხილავს მხოლოდ მაშინ, თუ შეგებებული პრეტენზიით გათვალისწინებული დავა თავსდება იმავე საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც უთითებს თავდაპირველი საარბიტრაჟო შეთანხმება.

 

                27.13. თუ შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის აღმძვრელი პირი (მოპასუხე) უთითებს არა თავდაპირველ პრეტენზიაში აღნიშნულ, არამედ სხვა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც შეგებებული პრეტენზიით გათვალისწინებული დავის განხილვა ასევე მინდობილი აქვს საარბიტრაჟო ცენტრს, მაშინ არბიტრაჟი დაუშვებს შეგებებულ პრეტენზიას და ორივე საქმის ერთად განხილვას, თუ მიიჩნევს, რომ ამით მხარეთა შორის არსებული დავა უფრო სწრაფად, იაფად და ობიექტურად იქნება გადაწყვეტილი.

 

                27.14. საარბიტრაჟო პრეტენზიაში და შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაში დასმულ საკითხებზე არბიტრაჟს გამოაქვს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილება.

 

                27.15. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან/და არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

                27.16. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

                27.17. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 

მუხლი 28. სარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

28.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

28.2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;

ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

                28.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიის ამ რეგლამენტის 28.2 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო  პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

28.4. ამ რეგლამენტის 28.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ რეგლამენტის 28.3 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. 

28.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

28.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის  უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.    

                28.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

                28.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

28.9.  ამ მუხლით გასაზღვრული საარბიტრაჟო დადგენილების აღსრულება მოხდება „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 29. შესაგებელი

 

                29.1. საარბიტრაჟო ცენტრის ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია და მასზე დართული მასალები დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მოპასუხეს და განუსაზღვროს ვადა თავის პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენისათვის, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

 

                29.2 საარბიტრაჟო შესაგებელში მოპასუხემ უნდა მიუთითოს საარბიტრაჟო ცენტრის სრული დასახელება და  აღნიშნოს, ცნობს თუ არა საარბიტრაჟო პრეტენზიას. თუ მოპასუხე საარბიტრაჟო პრეტენზიას ნაწილობრივ ცნობს, შესაგებელში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნებიდან რომელს ეთანხმება მოპასუხე და რომელს _ არა. მოპასუხეს უფლება აქვს შესაგებელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არბიტრაჟს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ამ რეგლამენტით მინიჭებული აქვს მხარეს.

 

                29.3. შესაგებელი ხელმოწერილი უნდა იქნეს 27.5. მუხლით დადგენილი წესით.

 

                29.4. თუ მოპასუხის შესაგებელს ხელს აწერს მოპასუხის წარმომადგენელი, ან/და მოპასუხე იურიდიული პირია, შესაბამისად გამოიყენება 27.4. მუხლის „“ბ“ და “გ“ ქვეპუნქტები.

 

                29.5. თუ შესაგებელი არ აკმაყოფილებს 29.2. 29.3 და 29.4. მუხლების მოთხოვნებს, საარბიტრაჟო ცენტრი ატყობინებს ამის შესახებ მოპასუხეს და აძლევს წინადადებას აღმოფხვრას შესაგებლის რეგლამენტთან  შეუსაბამობა ზეპირ მოსმენამდე, ან თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ საარბიტრაჟო ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

                29.6. თუ 29.5 მუხლში მითითებული გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე ხელს არ მოაწერს შესაგებელს, ან არ წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვაში მანაწილეობაზე უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ რწმუნებლებას/მინდობილობას ან სხვა დოკუმენტს, არბიტრაჟი წერილობით განუმარტავს მხარეს/ წარმომადგენელს, რომ საქმის განხილვა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაგებლისა და მასზე თანდართული დოკუმენტების გათვალისწინების გარეშე.

 

მუხლი 30. კომპეტენციის კომპეტენცია

                30.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის  დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

 

                30.2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

30.3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

30.4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის 30.3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს. 

 

                30.5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

 

 

მუხლი 31. ზეპირი განხილვის ცალკეული საკითხები

 

                31.1 საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია წერილობით აცნობოს მხარეს  არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი სულ ცოტა 2 (ორი) დღით ადრე შესაბამისი სხდომის გამართვამდე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

                31.2. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია მიღებიდან 2 დღის ვადაში მხარეს გაუგზავნოს მეორე მხარისაგან მიღებული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

                31.3. არბიტრაჟში საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის საფუძველზე.

 

                31.4. საარბიტრაჟო განხილვაში მხარის წარმომადგენლად შეიძლება მონაწილეობდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ფიზიკური პირის წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით. იურიდიული პირის წარმომადგენლის რწმუნებულებას ხელს აწერს ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. თუ იურიდიულ პირს აქვს ბეჭედი, მაშინ ხელმოწერასთან ერთად ბეჭედიც სავალდებულოა.

 

                31.5. არბიტრაჟის მიერ ზეპირი მოსმენით საქმის განხილვისას საარბიტრაჟო განხილვის ოქმის შედგენა სავალდებულოა, ოქმს ხელს აწერს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე ან საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი არბიტრაჟის მდივანთან ერთად.

 

                31.6. საარბიტრაჟო განხილვის ოქმი მზადდება როგორც წესი ნაბეჭდი ფორმით. ზეპირი მოსმენის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდეს საარბიტრაჟო განხილვის აუდიო ჩაწერა, რის საფუძველზეც არბიტრაჟის მდივანი ადგენს ოქმს. საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე ან არბიტრი ვალდებულია განუმარტოს მხარეებს რომ საარბიტრაჟო განხილვის შედგენის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება აუდიო ჩაწერა. აუდიო ჩაწერა დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი მხარე ამის წინააღმდეგია.

 

                31.7. საარბიტრაჟო განხილვის ოქმი უნდა შეიცავდეს მითითებას საქმის განმხილველ არბიტრაჟზე, მხარეებზე და განხილვაში მონაწილე სხვა პირებზე, ასევე საარბიტრაჟო განხილვის თითოეული მონაწილის მიერ საქმესთან დაკავშირებით ზეპირი ფორმით გამოხატულ მოსაზრებებს დასკვნებსა და შეფასებებს.

 

                31.8. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას პროცედურასთან დაკავშირებით წყდება საარბიტრაჟო კოლეგიის თავჯდომარის/ საარბიტრაჟო ცენტრის თავმჯდომარის/საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრის მიერ, იმის მიხედვით თუ ვინ იხილავს კონკრეტულ საქმეს.

 

 

მუხლი 32. მტკიცებულებები, მათი შეფასება და გამოკვლევა

 

                32.1 თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

                32.2.  ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

                32.3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრთა შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

                32.4. არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები და მისცეს წინადადება მხარეს წარმოადგინოს მტკიცებულება.

 

                32.5. მხარე, რომელიც შუამდგომლობს მოწმის დაკითხვასათან დაკავშირებით, ვალდებულია უზრუნველყოს მოწმის გამოცხადება ზეპირ მოსმენაზე. თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს მოწმის გამოცხადებას, არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

                32.6. მხარეს უფლება აქვს მის მიერ მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოადგინოს ექსპერტის დასკვნა.

 

                32.7. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტი, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. არბიტრაჟი უფლებამოსილია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა მხარეთა ერთობლივი მოთხოვნით დანიშნული ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენამდე.

 

                32.8. თუ ექსპერტიზის შესახებ მხოლოდ ერთი მხარე შუამდგომლობს, არბიტრაჟი არ აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას, თუ მიიჩნევს, რომ მხარეს თვითონაც შეეძლო ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა მის მიერ პრეტენზიის, ან შესაგებლის შემოტანისას.

 

                32.9. თუ გარემოება, რომელზე მითითებითაც ერთ-ერთი მხარე შუამდგომლობს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, წარმოიშვა მის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის, ან შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ, მაშინ არბიტრაჟი მას უნიშნავს ვადას ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად. არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში ექსპერტის დასკვნის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი საქმეს გადაწყვეტს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

                32.10. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივითაც დანიშნოს ექსპერტიზა. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი აჩერებს საარბიტრაჟო განხილვას ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.

 

                32.11. მხარე ვალდებულია არბიტრაჟის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას წარუდგინოს ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ნივთი, ან დოკუმენტი.

 

                32.12. ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო არბიტრაჟისათვის. არბიტრაჟი  შინაგანი რწმენის საფუძველზე აფასებს მას, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას.

 

                32.13. მხარეს უფლება აქვს შესთავაზოს არბიტრაჟს საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით საარბიტრაჟო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობა. სპეციალისტის მოწვევის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე უზრუნველყოფს ზეპირ მოსმენაზე სპეციალისტის გამოცხადებას. სპეციალისტის გამოუც­ხადებლობა ვერ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრაჟს უფლება აქვს მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ თავისი ინიციატივითაც მოიწვიოს სპეციალისტი.

 

                32.14. როგორც მხარის, ასევე არბიტრაჟის ინიციატივით მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია ხელი მოაწეროს დეკლარაციას იმ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის შედეგად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ექსპერტზეც.

 

                32.15. ამ რეგლამენტის 32.14. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი და სპეციალისტი ვალდებულნი იქნებიან აუნაზღაურონ მხარეებს ზიანი, რომელიც დადგა საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახმაურების შედეგად.

 

                32.16. მტკიცებულებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს სასამართლოს დახმარებით არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

               

 

მუხლი 33. ზეპირი განხილვა

 

                33.1. თუ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაგებელი და უწყება ზეპირი მოსმენის გამართვის დროისა და ადგილის მითითებით დაუყოვნებლივ ეგზავნება საარბიტრაჟო მოსარჩელეს. შესაბამისი უწყება ეგზავნება აგრეთვე მოპასუხესა და იმ პირებს, რომელთა გამოცხადებასაც არბიტრაჟი მიზანშეწონილად ჩათვლის.

 

33.2. ზეპირი მოსმენის დროს მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე. თუ კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებით ან რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი არბიტრის მიერ დავის განხილვისას იგულისხმება, რომ არბიტრი აღჭურვილია ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც აქვს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს. 

                33.3. 33.2.-ე მუხლში მითითებული არბიტრი ხსნის და დასრულებულად აცხადებს ზეპირ მოსმენას, სიტყვას აძლევს მხარეებს, რამდენიმე პრეტენდეტის და მოპასუხის, ასევე მოწმეების ექსპერტებისა და სპეციალისტების დასწრების შემთხვევაში განსაზღვრავს მათი გამოსვლების რიგითობას, უზრუნველყოფს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი აზრი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ან გარემოების შესახებ.  თითოეული მხარის მოსაზრება, შეფასება, თუ განმარტება შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში. თუ შეთანხმებულია საარბიტრაჟო განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, არბიტრაჟი გადაწყვეტილებას გამოიტანს საარბიტრაჟო პრეტენზიის, შესაგებლისა და მხარეთა წერილობით ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით.

 

                33.4. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ თითოეულ მხარეს უფლება აქვს არბიტრაჟს მიმართოს შემაჯამებელი სიტყვით. შემაჯამებელი სიტყვით ბოლოს გამოდის მოპასუხე.

 

                33.5. მხარეთა შემაჯამებელი სიტყვის დასრულების შემდეგ არბიტრაჟი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს და გამოაქვს გადაწყვეტილება.

 

 

თავი V. მედიაცია საარბიტრაჟო განხილვაში

 

 

მუხლი 34. მედიაციის არსი  საარბიტრაჟო განხილვაში

 

მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ არბიტრაჟის მიერ დავის არსებითად განხილვამდე მიმართავენ მედიაციას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.  ამ რეგლამენტის მიზნებისათვის მედიაცია გულისხმობს  საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან არბიტრაჟის მიერ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლამდე, საარბიტრაჟო დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით მხარეთა შორის მოლაპარაკების წარმოებას მედიატორის  (პროფესიონალი მომლაპარაკებლის) დახმარებით. 

 

 

მუხლი 35.  მედიაციის პროცედურა და ვადები  საარბიტრაჟო განხილვაში

 

35.1. ამ რეგლამენტის 34 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საქმის განმხილველი არბიტრი, საარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ დადგენილებით ნიშნავს მედიატორს  და ეს დადგენილება ეგზავნება მხარეებს საარბიტრაჟო საქმის მასალებთან ერთად.

 

35.2. მედიატორი საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღეში ნიშნავს სამედიაციო შეხვედრის  თარიღს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობებათ მხარეებს. 

 

35.3. მედიაცია დაწყებულად ითვლება მხარეების მიერ სამედიაციო შეხვედრის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან. მხარეებს სამედიაციო შეთანხმების მისაღწევად აქვთ 15 დღის ვადა.

 

35.4. მედიაციის პროცესი წარიმართება, კონფიდენციალურობის, მხარეთა თანასწორობის, მხარეთა მიერ მორიგებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ავტონომიისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პრინციპების დაცვით.

 

35.5.  მედიაციის შედეგად შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მორიგების აქტს ამტკიცებს  საქმის განმხილველი არბიტრი არბიტრაჟის შესახებ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით.

 

35.6.  თუ ამ რეგლამენტის  35.3.  პუნქტით დადგენილ ვადაში, მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მედიატორი წერილობით აწვდის ინფორმაციას საქმის განმხილველ არბიტრს აღნიშნულის შესახებ, რაც არბიტრისათვის წარმოადგენს საარბიტრაჟო საქმის არსებითი განხილვის  დაწყების საფუძველს. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ღებულობს დადგენილებას, რომლის შესაბამისადაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს განესაზღვრება ვადა საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრულად შესავსებად ამ რეგლამენტის დანართი #1-ის 2.1 მუხლით განსაზღვრულ ოდენობამდე.

 

35.7. მხარის მიერ მედიაციაზე უარის შემთხვევაში, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განიხილვას ამ რეგლამენტით საარბიტრაჟო საქმის განხილვისათვის დადგენილი წესით.  ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ღებულობს დადგენილებას, რომლის შესაბამისადაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს განესაზღვრება ვადა საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრულად შესავსებად ამ რეგლამენტის დანართი #1-ის 2.1 მუხლით განსაზღვრულ ოდენობამდე.

 

 

 

 

თავი VI.  დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

 

მუხლი 36.  დავის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

36.1. ზეპირი მოსმენის გარეშე არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა ხორციელდება და გადაწყვეტილება მიიღება  მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეები აღნიშნულზე სპეციალურად შეთანხმდებიან.

36.2. საარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღებიდან 3 დღის ვადაში საარბიტრაჟო მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად და განესაზღვრება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10  დღის ვადა საარბიტრაჟო შესაგებლის და მტკიცებულებების წარმოსადგენად.

36.3 საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და თანდართული მტკიცებულებებს მათი წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საარბიტრაჟო მოსარჩელეს და სთავაზობს მას შესაგებელზე პასუხის წარმოდგენას 5 სამუშაო დღის ვადაში.

36.4. არბიტრაჟი საქმეს განიხილავს და იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას შესაგებლის წარმოდგენიდან/შესაგებლის წარმოდგენის ვადის გასვლიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში.

36.5.  თუ საარბიტრაჟო მოპასუხეს არ ჩაბარდა გზავნილი და ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული არასრული მისამართი ან მოპასუხე აღარ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, არბიტრაჟი განუსაზღვრავს საარბიტრაჟო მოსარჩელეს ვადას (არაუმეტეს 3 დღისა) მოპასუხის ალტერნატიული მიმსამართის წარმოსადგენად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის საარბიტრაჟო მოპასუხის ალტერნატიული მისამართი, ან ალტერნატიულ მისამართზეც ვერ ხერხდება საფოსტო გზავნილის ჩაბარება, არბიტრაჟი იმავე მისამართზე აგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს კიდევ ერთხელ და პრალელურად აკეთებს საჯარო შეტყობინებას.  შეტყობინების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თუ არ იქნება წარმოდგენილი საარბიტრაჟო შესაგებელი, არბიტრჟი იღებს მოტივირებულ გადაწყვეტლებას შეტყობინების ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში.

 

 

თავი VII.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი აღსრულება

 

მუხლი 37. საარბიტრაჟო გადაწყევტილების გამოტანის წესი

 

                37.1. თუ მხარეები არ დაადგენენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ ვადას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

                37.2  არბიტრაჟი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვის მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადა, რაც არ უნდა აღემატებოდეს ამ რეგლამენტის 37.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადას.

                37.3.  თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ იქნება გამოტანილი, საქმის განმხილველი არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ  მხარეები არ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ვადის გაგრძელებაზე. ვადის გაგრძელება დაიშვება მხოლოდ ერთჯერადად, არაუმეტეს ოთხი თვის ვადით.

 

                37.4. თუ მხარეებს არ აქვთ შეთანხმებული გადაწყვეტილების გამოტანის ვადის გაგრძელება, არბიტრაჟის შემადგენლობის გადადგომის შემდეგ ახალი შემადგენლობის ფორმირება ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ განმეორებით ფორმირებული არბიტრაჟიც ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას ფორმირების დასრულების მომენტიდან 3 (სამი) თვის ვადაში საარბიტრაჟო შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებული არ არის განიხილოს ეს დავა, თუ მხარეები დადებენ ახალ საარბიტრაჟო შეთანხმებას და მაინც მოითხოვენ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვას.

                37.5. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილებები გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით.

 

                37.6. არბიტრს არ აქვს გადაწყვეტილების გამოტანისას თავის შეკავების უფლება.

 

                37.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

 

                ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა;

 

                ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა;

 

                გ) მხარეები და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირები;

 

                დ) დავის საგანი;

 

                ე) სამოტივაციო ნაწილი, მასში გადმოცემული მოსაზრებებით, რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს ასეთი სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;

 

                ვ) არბიტრაჟის დადგენილება;

 

                37.8. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ყველა არბიტრი. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში.

 

                37.9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თითო პირი უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს.

 

                37.10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულებას.

 

 

 

მუხლი 38. საარბიტრაჟო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

 

                საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 

 

მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება, ტექნიკური შეცდომების გასწორება

 

                39.1 მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღების დღიდან 30 დღის ვადაში იძლევა განმარტებას, ან გამოაქვს დადგენილება განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.

 

                39.2. მხარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის, აგრეთვე ხელნაწერი ან ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება. თუ არბიტრაჟი შესწორებას მიზანშეწონილად ჩათვლის, მხარეებს ჩაბარდება გადაწყვეტილების შესწორებული ვარიანტი. შესწორებაზე უარის თქმა არბიტრაჟმა სათანადოდ უნდა დაასაბუთოს.

 

               39.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ამ მუხლით გათვალისიწინებული მოქმედებები.

 

მუხლი 40. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება.

                საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

 

 

თავი VIII. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება საარბიტრაჟო გადაწყვეტი­ლების გამოტანის გარეშე.

 

 

მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საარბიტრაჟო განხილვის დასრულების ცალკეული შემთხვევები

 

                საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საარბიტრაჟო განხილვა დასრულდება, თუ:

 

                ა) ამ რეგლამენტის შესაბამისად არბიტრაჟი უარს იტყვის საარბიტრაჟო განხილვაზე.

 

                ბ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საარბიტრაჟო პრეტენზია განუხილველად იქნება დატოვებული.

 

                გ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება.

 

                დ) საარბიტრაჟო მოსარჩელე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაიხმობს საარბიტრაჟო პრეტენზიას.

 

მუხლი 42. არბიტრაჟის უარი საარბიტრაჟო განხილვაზე

 

                42.1. არბიტრაჟი უარს იტყვის სaარბიტრაჟო განხილვაზე თუ:

                                                               

                ა)  დავა, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟმა, არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი.

 

                ბ) საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არბიტრაჟს აძლევს საფუძველს, რომ მოცემული საქმის განხილვა ურყოფითად იმოქმედებს საარბიტრაჟო ცენტრისა და საქმის განმხილველი არბიტრების რეპუტაციაზე. (მაგალითად, თუ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც დასრულებული არ არის და ეხება საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთა საქმიანობას და ა.შ.)

 

                42.2. არბიტრაჟს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 42.1. მუხლის ‘’ბ’’  ქვეპუნქტის შესაბამისად უარი თქვას საარბიტრაჟო განხილვაზე ამ განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი უარი.

 

                42.3. ამ რეგლამენტის 42.1. მუხლის ‘’ბ’’  ქვეპუნქტის შესაბამისად,  საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს სრულად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, მიუხედავად იმისა, თუ განხილვის რა ეტაპზე დაფიქსირდა უარი საარბიტრაჟო განხილვაზე.

 

                42.4. ამ რეგლამენტის 42.1. მუხლის ‘’ა’’  ქვეპუნქტის შესაბამისად,  საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.

 

 

მუხლი 43. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

 

 

                43.1. არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით, ან თავისი ინიციატივით არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას განსახილველად, ან  შეწყვეტს საარბიტრაჟო განხილვას თუ:

 

                ა) არ არსებობს დავის საგანი;

 

                ბ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით;

 

                გ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო პრეტენზიაზე; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი.

 

                დ) მხარეები მორიგდნენ;

 

                ე) მხარე ფიზიკური პირის გარდაცვალებისას, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია;

 

                ვ) საარბიტრაჟო რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

 

       43.2. 43.1-ე.  მუხლის   “გ” და “დ” პუნქტებით გათვალისიწნებულ შემთხვევეში, არბიტრაჟი ვალდებულია დააბრუნოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%-ი, თუ მხარეები წერილობით შეთანხმდებიან ამის შესახებ.

            

43.3. 43.1.-ე  მუხლის “ა”, “ბ”, “ე”, და “ვ” პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევეში  არბიტრაჟი ვალდებულია დააბრუნოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის 70%-ი.

 

 

                43.4. თუ საარბიტრაჟო განხილვა წყდება 43.1. მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით ამტკიცებს მორიგებას, თუ მორიგების პირობები კანონს არ ეწინააღმდეგება. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

 

                43.5. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 3 დღის ვადაში. 

 

                43.6. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შემდეგ იმავე საქმეზე და იმავე საფუძვლით დავის გადაწყვეტის მოთხოვნით საარბიტრაჟო ცენტრისადმი მიმართვა არ დაიშვება. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია არ მიიღოს და მხარეს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.

 

 

 

 

 

მუხლი 44. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება

 

                44.1. არბიტრაჟი მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს, თუ:

 

                ა) საარბიტრაჟო პრეტენზია შეიტანა ქმედუუნარო პირმა.

               

                ბ) საარბიტრაჟო პრეტენზია დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საარბიტრაჟო განხილვაში  მონაწილეობის უფლებამოსილება; 

 

                გ) საარბიტრაჟო ცენტრის, სხვა კერძო არბიტრაჟის ან სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

 

                დ) დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობა საარბიტრაჟო პრეტენზიისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

 

                ე) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არ გადაიხადა საარბიტრაჟო მოსაკრებელი ამ რეგლამენტის 35.6 ან 35.7 მუხლებით განსაზღვრული წესით.

 

                44.2. თუ ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადდა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოწვეული არც ერთი მხარე, არბიტრაჟი გადადებს საქმის განხილვას, კიდევ ერთხელ მოიწვევს მხარეებს და გააფრთხილებს გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. თუ გაფრთხილებისა და განმეორებით მოწვევის მიუხედავად არც ერთი მხარე არ გამოცხადდება, არბიტრაჟი საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

 

                44.3 საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ამ რეგლამენტის 44.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი.

 

                44.4. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება არ ართმევს საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლებას კვლავ წარადგინოს საარბიტრაჟო პრეტენზია განუხილველად დატოვების საფუძვლების აღმოფხვრის პირობით.  

 

               

 

მუხლი 45. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა

 

                45.1. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს საარბიტრაჟო პრეტენზია ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა დაიშვება მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე წერილობით არ დაეთანხმება საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობას, მაშინ არბიტრაჟი აგრძელებს საარბიტრაჟო განხილვას და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება.

                45.2. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის დროს დაფიქსირებული აზრი შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში, რაც უთანაბრდება გამოხმობაზე თანხმობის, ან უარის წერილობით ფორმას.

45.3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია დაუბრუნოს საარბიტრაჟო მოსარჩლეს მის მიერ გადხდილის საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

 

 

თავი IX. დასკვნითი დებულებები

 

 

მუხლი 46. საარბიტრაჟო რეგლამენტის ძალაში შესვლა

 

                46.1. საარბიტრაჟო რეგლამენტი ძალაშია საარბიტრაჟო ცენტრის პარტნიორთა კრების ოქმით/პარტნიორის გადაწყვეტილებით მისი დატკიცებისა და „არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მისი საჯარო გამოქვეყნების შემდეგ.

 

                46.2. საარბიტრაჟო რეგლამენტის რომელიმე დებულების გაუქმება ან მისი ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი რეგლამენტის გაუქმებას, ან მის ბათილად ცნობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბათილი ან გაუქმებული ნაწილის გარეშე ამ რეგლამენტის შესაბამისად დავის განხილვა და გადაწყვეტა შეუძლებელია.

 

 

მუხლი 47. ეთიკა

 

ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრი აღიარებს და უერთდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კოდექსს და ამ  კოდექსის რეგულაციები სრულად ვრცელდება ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის არბიტრებზე.

 

 

მუხლი 48. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები

 

                48.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, წარმომადგენლის ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებისა და არბიტრაჟში წარმოდგენისათვის გაღებული ხარჯები.

 

                48.2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება:

 

                ა) საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;

 

                ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადებაზე;

 

                გ) საჩივარზე, რომლითაც საჩივრდება არბიტრაჟის დადგენილება საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ.

 

                48.3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართი 1-ის მიხედვით, რომელიც მტკიცდება საარბიტრაჟო ცენტრის პარტნიორთა კრების ოქმით/პარტნიორის გადაწყვეტილებით და წარმოადგენს ამ რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.

 

                48.4. თუ ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია რეგლამენტის ტექსტის გაგზავნა მხარისათვის, მას ასევე უნდა გაეგზავნოს რეგლამენტის დანართი 1.

 

მუხლი 49.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შედეგები

49.1 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ან მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა არ აუქმებს იმ საარბიტრაჟო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც არის მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

49.2 სასამართლო განჩინების/გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საარბიტრაჟო ცენტრი უფლებამოსილია განაახლოს საარბიტრაჟო განხილვა და გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.

49.3 საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია ახალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინოს და აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების, ან მასზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

49.4 ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის განახლების შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხებული ან ამ რეგლამენტით განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის ვადა აითვლება თავიდან.

 

შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ რეგლამენტის

დანართი I

მუხლი 1. დანართის იურიდიული ძალა

 

 

მუხლი 2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა

 

2.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

დავის საგნის ღირებულება ლარებში

 

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ლარებში

0-10 000 (ზეპირი მოსმენის გარეშე)

220 ლარი

0-100 000

 

2%, მაგრამ არანაკლებ 250 ლარისა

100 001-500 000

 

 

1,8%

500 001- დან

 

1.5 %

მაგრამ არა უმეტეს 9 000 ლარისა

 

2.2. თუ დავის საგნის ფულადი ღირებულების შეფასება შეუძლებელია ან რთულია, საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს 3000 ლარს.

2.3. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენისათვის შეადგენს 150 ლარს.

2.4. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილების გასაჩივრებისას შეადგენს 150 ლარს.

2.5. საარბიტრაჟო მოსაკრებელი მედიაციისათვის საარბიტრაჟო განხილვაში განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1%-ით, მაგრამ არანაკლებ 250 ლარისა. მედიაციის შედეგად მოლაპარაკების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი უნდა შეივსოს ამ რეგლამენტის დანართი #1-ის 2.1 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე.

2.6. მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალიწინებულ გადასახადებს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).

2.7. ამ რეგლამენტის დანართი #1-ის 2.6 მუხლით გათვალისწინებული დათქმა გავრცელდეს შპს „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ დაფუძნების მომენტიდან მხარის მიერ გადახდილ ყველა საარბიტრაჟო მოსაკრებელზე.

 

მუხლი 3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისა და მისი უკან დაბრუნების წესი.

3.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით და ჩაირიცხება საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ ანგარიშზე. საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მხარეს ანგარიშის  რეკვიზიტები მისთვის მისაღები ფორმით.

3.2. თუ საარბიტრაჟო რეგლამენტის თანახმად მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას, საარბიტრაჟო ცენტრი ვალდებულია დააბრუნოს იგი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დასაბრუნებელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო რეგლამენტით. 

3.3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ხდება მხარის იმ ანგარიშზე,  რომელიც ცნობილია საარბიტრაჟო ცენტრისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით მოითხოვს თანხის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვას და მიუთითებს შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტებს.